“ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ვირუსის პიკი შეიძლება დაიწყოს. ჩვენ განვიხილავთ მუდმივად რამდენიმე სცენარს, რის მიხედვითაც შეიძლება განვითარდეს COVID 19”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერში” ჩართვისას განაცხადა.
მინისტრის ვარაუდით, საქართველოში ვირუსის პიკი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი.
“ეს პიკი, ჩვენი გაანგარიშებით, შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში. მანამდე პერიოდში ჩვენ ვაწარმოებთ ყველანაირ სამუშაოებს და ასევე იმ აღრიცხვას, თუ სად შეიძლება იყოს დღესდღეობით ვირუსი. ეს მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში. ამ კვირაში ჩვენ არანაირ პიკს არ ველოდებით, თუმცა დინამიური მატების მოლოდინი ჩვენ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად გაგვაჩნია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.