ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ევროპაში პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება”, – თენგიზ ცერცვაძე

“ჩემი პირადი პროგნოზია, რომ უახლოეს დღეებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება, შესაძლოა ერთ, ორ და სამ კვირაში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამორიცხული არაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ყოველდღიურად ორნიშნა ციფრითაც იყოს.

„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზე ავიდეთ, სამციფრიანს კი, მე პირადად არ ველოდები. თუმცა შეუძლებელი არაფერია. აშშ-ში, სადაც 7 500 შემთხვევა იყო ერთ დღეში, ეს უკვე ოთხ-ციფრიანი მატებაა. ველოდები, რომ ჩვენთან მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების.

ასევე, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. სამწუხაროდ, ასე ვერ დავრჩებით. ალბათ, გვეყოლება ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ეს ჩემი პროგნოზია და ვფიქრობ, ასე იქნება. ასევე ჩემი პროგნოზია ერთი მკაფიო რამ, ჩვენ რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას, ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა. მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....