დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელი კალაძეა, რომელსაც მინიმუმ უნდა გაეკონტროლებინა საკუთარი სამსახურის საქმიანობა და ამავე დროს, თბილისის საკრებულოს ყველა ყოფილი წევრი, რომელმაც ჩვენს ანტიკორუფციულ ინიციატივას [საკრებულოში] მხარი არ დაუჭირა! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავებას, რომელიც პროკურატურის განცხადებით, „მფარველობას უწევდა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა“.
შარაშიძის თქმით, მხოლოდ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „არ და ვერ იქნებოდა კორუფციაში ასე ჩაფლული“.
„ზუსტად ოთხი წლის წინ, 2021 წლის დეკემბერში, როცა თბილისის ახალი საკრებულო შეიკრიბა და კალაძემ თბილისის მთავრობა წარადგინა, გამოვედით ინიციატივით, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რასაც პირადად კალაძის და „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ჩვეული ისტერიკა მოჰყვა – სად ნახეთ კორუფცია თბილისის მერიაშიო?
დღეს კი თავად „ოცნების“ პროკურატურა გვეუბნება, რომ თბილისის ბავშვთა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორუფციის მნიშვნელოვანი წყარო იყო და რა თქმა უნდა, რომ არა სისტემური პოლიტიკური კორუფცია, მხოლოდ ეს სააგენტო არ და ვერ იქნებოდა კორუფციაში ასე ჩაფლული.
ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელი, უპირველესად, თბილისის მერი კალაძეა, რომელსაც მინიმუმ უნდა გაეკონტროლებინა საკუთარი სამსახურის საქმიანობა და ამავე დროს, თბილისის საკრებულოს ყველა ყოფილი წევრი, რომელმაც ჩვენს ანტიკორუფციულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა!“ – აცხადებს შარაშიძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.
გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი „ქოლ-ცენტრების“ მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

