ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულიდან ჰოსპიტალიზირებულ 80 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

მარნეულიდან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული 80 წლის მამაკაცის  ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. ამის  შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„რადგან ეს მამაკაცი მარნეულიდან ბრძანდება, გუშინვე მასთან ტესტირება გაკეთდა და როგორც ვვარაუდობდით, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ის მკურნალობას ისევ რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, რიგი თანმხლები დაავადებებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

 

იტვირთბა....