ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები არაა ერთჯერადი”- ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია ტურნავას განცხადებით, პირბადეების სტანდარტი, რომლის წარმოებაც საქართველომ დაიწყო, დაავადების კონტროლის ცენტთანაა შეთანხმებული.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მწარმოებლებმა უკვე კარგად იციან, რომელი ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს ეს პირბადეები.

“იცით, რომ საქართველოში პირბადეების წარმოება დავიწყეთ. ჩვენ რასაც ამ ეტაპზე ვაწარმოებთ, ესაა დოლბანდის პირბადეები, რომელთა სტანდარტი არის შეთანხმებული დაავადების კონტროლის ცენტრთან.  ამიტომ, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს ეს პირბადეები და რამდენი შრე უნდა იყოს იმისთვის, რომ უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს”,- აცხადებს თურნავა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული პირბადეები ერთჯერადი გამოყენების არაა.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს პირბადეები არაა ერთჯერადი. ისინი ექვემდებარებიან რეცვას, გაუთავებას და ამის შემდეგ კვლავ შეიძლება, რომ გამოყენებაში იყოს.რაოდენობა ამ ეტაპზე შეზრუდულია. ჩვენ პირბადეების კერვის ფუნქცია გადავანაწილეტ და ამჯამად 10-მდე სამკერვალოა ჩართული ამ პროცესში”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 17 მარტს აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. მწარმოებელი კომპანია 500 000 პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა. მათგან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....