„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება. ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტლის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია”
თამაზ ნავერიანი – მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.