„ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირების ვალდებულება არის ლოცვა, ხალხის გამხნევება და რწმენით ნუგეშის ცემა. მოქალაქეების ვალია, რა თქმა უნდა, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, გვქონდა თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქის, მღვდელმთავრების განცხადებები. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა სასულიერო პირს, ჩვენს მამაოებს, ჩვენს მეუფეებს, რომ მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოცემული რჩევები, პროფესიონალების მიერ რეკომენდაციები არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას და ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის“
კახა კალაძე, თბილისის მერი
“imedinews”
შეგახენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს ყველა იზიარებს, მათ შორის, სასულიერო პირებიც.
დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.