ბოლო ერთი დღის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 2705 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, COVID 19-ით ჯამში 16 662 ადამიანია დაინფიცირებული.
გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევას.
გარდა გერმანიისა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ესპანეთში, ირანში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიაშიც. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით დაინფიცირებულია 47 021 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4032-ს აღწევს.
საქართველოში ცოტა ხნის წინ ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.