საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ნაღდი ფული, რომელიც დღეს საქართველოში საფინანსო სექტორში მოძრაობს, ეროვნულ ბანკში შესვლისთანავე 2 კვირიან კარანტინში ხვდება. ამასთანავე, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას უნდა მოერიდოს.
„ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ რისკთან, რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევას მოყვება, ვირუსის გადატანასთან დაკავშირებით, ამაზეც ვიზრუნეთ. უკვე რამდენიმე დღეა ის ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, საკასო ცენტრში კომერციული ბანკებიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში როგორც მინიმუმი და ამ პერიოდის განმავლობაში არ გავა უკან, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ რისკს, რომ ამ მხრივ მოხდეს ვირუსის გადაცემა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია უკონტაქტო გადახდები, შესაძლებლობის ფარგლებში უფრო ხშირად გამოიყენონ ეს უკონტაქტო გადახდები, რაც უფრო შეამცირებს რისკებს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ იქნება სიძნელეები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გავატარეთ დღეს კარგად ვართ მომზადებული ამ გამოწვევასთან შესახვედრად“, – განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.