ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სწრაფი ტესტის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთან, ველოდებით 200 000 ტესტს” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “კოვიდ-19”-ის გამოსავლენად, საქართველოს ჩინეთის რესპუბლიკამ 1 000 სწრაფი ტესტი აჩუქა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტიკარაძემ განაცხადა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, მოლაპრაკებები მიმდინარეობს ასევე კორეასთან.

„გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 000 ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 

იტვირთბა....