სათამაშო ბიზნესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საქართველოში ტოტალიზატორების, კაზინოების და სლოტ-კლუბების უმეტესობა მუშაობას წყვეტს.
„Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით 18 მარტიდან ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.