HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე, “ფეისბუქზე” ეხმაურება მერიის გადაწყვეტილებას სამარშუტო ტაქსების აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც ურუშაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო, რადგან სამარშუტო ტაქსებით ვერ სარგებლობის შემთხვევაში მეტროსა და ავტობუსების დატვირთვა გაიზრდება.
“მას შემდეგ, რაც ხელოსუფლება გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ვცდილობ კრიტიკისაგან თავი შევიკავო. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დუმილიც დანაშაულია.
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი აქცია ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ.
ქვეყანაში არ არის გამოცხადებული საგანგებო მდომარეობა, შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ქალაქში ადამიანების მობილობა კვლავ მაღალია.
თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ, გამოიწვია მგზავრთა ნაკადის მეტროსა და ავტობუსებზე გადართვა, რამაც პიკის საათში კოლაფსური მდგომარეობა შექმნა. გადაიტვირთა ავტობუსები, ავტობუსის გაჩერებები, მეტროპოლიტენი, განსაკუთრებით სადგურის მოედანი და მეორე ხაზზე გადასასვლელი სივრცე. ყოველივე ეს ზრდის ადამიანების დაინფიცირების რისკებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
საქართველოს მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, რომლის რისკებიც წინასწარ არ შეფასებულა,
შექმნა რეალური საფრთხე, ვირუსის გავრცელების ტემპები კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, მოსალოდნელი შედეგები უნდა განსაზღვრო და მარტივი პრინციპით იმოქმედო, ის რაც თვლადია უნდა დაითვალო.
საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება:
თბილისის საქალაქო ტრანსპორტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, იზრდება მეტროს შემადგენლობის მოძრაობის სიხშირე და ემატება ავტობუსების რაოდენობა. რაც სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა სიმჭიდროვეს მინიმუმამდე შეამცირებს. ამავდროულად სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები, სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია, მგზავრებისთვის პირბადეების და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება.
ან ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური აქტივობა და იკლებს ადამიანების მობილობა. მოქალაქეებისთვის აღარ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს” – წერს ვასო ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.