თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები გუდაურს არ უკავშირდება.
ეზუგბაიას ცნობით, გუდაურიდან რამდენიმე საეჭვო პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„ეს არ უკავშირდება გუდაურის შემთხვევას. გუდაურის რამდენიმე შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილი იქნა სადიაგნოსტიკოდ, მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ პასუხები ნეგატიური იყო“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორი ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დადგენილია მათი კონტაქტიც. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტია.
მთლიანობაში კი ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში დარჩება.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.