“კოვიდ-19”-ით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან. მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან – 37,5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა. თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, – უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.