ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს” – ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სრულად აკონტროლებს.

„მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. იცით, რომ გვყავს 30 პაციენტი. ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ თითოეულ იმ ზომას, რომელიც საჭიროა ვირუსის მაქსიმალურად შესაზღუდად და მისი გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, აუცილებელი პროდუქტების მოწოდებაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

იტვირთბა....