საქართვლოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა ძირითადი მოზმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ იგრძნონ.
აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
“ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი – შაბათ-კვირაა, და მეორე – არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტურად. თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის დონეზე და სადისტრიბუციო ქსელში რომ პრობლემები არ შეიქმნას. თან ვიცით ობიექტურად ციფრებით, რომ საფუძველი დეფიციტური მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ჩვენი მხრიდან ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს საფუძველი არ არის უბრალოდ ამის. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 73 731-ს შეადგენს, რომელთაგან 65 573 პაციენტი ჩინეთზე მოდის.

