დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ვირუსის გავრცელების საფრხე მინიმუმამდეა.
„სადაც დღეს საკარანტინო ზონები გახლავთ და სივრცეები ქვეყანაში და ასეთი უკვე მრავლადაა და კიდევ მრავალი იქნება, ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი, ვთხოვ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება. არ შეიძლება ამის პროტესტი გვქონდეს. იქ კარანტინში ვინც არიან, ჯანმრთელი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება? არავის არაფერი გადაედება. ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება. თუ ჩევნ დავიცავთ წესებს და იმ მოთხოვნებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.