აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი მოათავსეს, რომლებიც იტალიაში მოგზაურობდნენ.
როგორც ნიჟარაძე აცხადებს, ორი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი კლინიკას თვითდინებით მიმართეს. მათ მცირედით ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ.
”კლინიკაში დღეს სამი პირი მოთავსდა, მათი სტატუსი შეფასდა, როგორც კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევა, რადგან სამივე მათგანს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათგან ორი ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ერთი კი დამოუკიდებლად. აქვთ ძალიან მსუბუქი რესპირატორული გამოვლინება. ცხელება 37.3, 37.
ერთ-ერთ პირს სარფის საბაჟოზე დაუფიქსირდა ტემპერატურა 37 და 2. და გადავიყვანეთ ინფექციურში. მან იტალია 26 თებერვალს დატოვა. ტრანზიტით შემოვიდა სარფში.
რაც შეეხება ორის, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ, საცხოვრებლის გარდა სხვასთან კავშირი არ ჰქონდა. მცირე ტემპერატურა და თავის ტკივილი დაუფიქსირდათ. ძალიან სუსტად გამოხატული ანამნეზი იყო. იქედან გამომდინარე, რომ ასეთი მსუბუქი ნიშნებიც კი ყურადღებამისაქცევია ავიღეთ ანალიზი. ოჯახის წევრები იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ ჯერ პასუხებს ველოდებით” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.