მთავარი ციტატა

“ყველაფერი არის მოგონილი” – გახარია გომელაურთან დაპირისპირებაზე

„ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე – როგორც ვიცი ბატონი ვახო დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი? და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი… იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი”

გიორგი გახარია – პრემიერ მინისტრი

ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმულ შეკითხვას.

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა დღეს გომელაურმაც და თქვა, რომ მასსა და პრემიერ მინისტრს შორის დაპირისპირება არ არის.

აღსანიშნავია, რომ შესაძლო დაპირისპირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიამ და გომელაურმა ლევან იზორიას ძმის, ვახო (კიტა) იზორიას ვიდეოკადრებზე განსხვავებული შეფასებები გააკეთეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ იზორიას ძმა ვახო (კიტა) იზორია საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, იზორიას ძმისთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი, განაცხადა, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია.

 

 

 

იტვირთბა....