“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მთავარი სლოგანით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს” დღეს პარლამენტთან აქციას გამართავს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან განთავისუფლება.
“აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა სჭირდებათ და მხარდაჭერა. საფრთხეშია მათი პროფესიული საქმიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს გარკვეული მხარდაჭერით ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას. ხელისუფლებამ ხელი აიღოს იმაზე, რასაც აჭარის საზოგადოებრივ არხის დამორჩილება ნიშნავს,” – აღნიშნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მგელაძემ.
აქციას შეუერთდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე.
აქცია 16:00 საათზე დაიწყება.