საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნა. დეპუტატებმა ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სხდომაზე განაცხადა, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დღეს უმრავლესობის დეპუტატები სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი აქცია-პიკეტი ხვალისთვის გადადო.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან გააკეთა.
შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი და ორსული ქალი ემსხვერპლა.