ბაღდათში საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა სახლს, რომელშიც სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 5 იყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ორსული ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს” – ნათქვამმია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.