ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“თეორიული ალბათობით, მათ შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი ორი ადამიანის მასალა, იმის გადასამოწმებლად, ხომ არ აქვთ მათ კორონავირუსი, გერმანიაში გადაიგზავნა.

ცერცვაძის განმარტებით, მასალის გერმანიაში გადაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღნიშნულ ორ ადამიანს, ჩატარებული კვლევებით, არც ერთი ცნობილი ვირუსი არ აღმოაჩნდა.

“ახალგაზრდა ბიჭს და ახალგაზრდა ქალს, რომლებიც ჩინეთში იყვნენ და იქიდან ჩამოვიდნენ, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევა, დაახლოებით, 20 გამომწვევზე და არც ერთი ამ 20-დან არ აღმოჩნდა. ვინაიდან, არც ერთი ცნობილი ვირუსი, რომელიც იწვევს მსგავს სიმპტომებს, არ აღმოჩნდა, რჩება თეორიული ალბათობა იმისა, რომ მათ, შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი და ამიტომ, მათი მასალა გაიგზავნა გერმანიაში. გერმანიას, აშშ-ს და ჩინეთს აქვთ პირდაპირი ტესტი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დადგენის. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს ჩვენ მოველით, რომ შესაძლოა, კორონავირუსი დადასტურდეს. ძალიან დიდი ალბათობით, გერმანიაშიც ახალი კორონავირუსი არ იქნება დადგენილი. ამ პაციენტების მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია. დღეისთვის, არც ერთ მათგანს სიცხე არ აქვს. შესაძლებელია, რომ ადამიანებს ჰქონდათ უბრალო გაციება, რომელიც გამოწვეული იყო რაღაც სხვა არასაშიში ვირუსით. ისინი რჩებიან იზოლირებულ ბოქსებში. დიდი ალბათობით ვფრიქრობ, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ. მხოლოდ თეორიული შანსია იმისა, რომ გერმანიაში გაგზავნილ მასალაში ეს ვირუსი აღმოაჩინონ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს უხანიდან ჩამოსული დედა-შვილი.

ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა აღენიშნებოდა.

რაც შეეხება 24 წლის ბიჭს, როგორც ცნობილია, მან ინფექციურ საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულს, გრიპის ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდა.

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დაუკავშირდა “მეტრონომი”, რომელსაც ბოქსირებული საავადმყოფს გამგემ განუცხადა, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის სულ 11 ადამიანი იმყოფება.

 

იტვირთბა....