თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის სიმპტომებით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 11 ადამიანი იმყოფება.
როგორც “მეტრონომს” მარინა ენდელაძემ განუცხადა, აღნიშნულ 11 ადამიანს შორისაა საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 4 პაციენტი – ტყუპი ჩინელი გოგონები, 24 წლის მამაკაცი და უხანიდან ჩამოსული ქალი.
ბოქსირებული განყოფილების გამგის განცხადებით, ოთხივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 11 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არის გუშინ შემოსული 4 პაციენტი – ტყუპი ჩინელი გოგონები, 24 წლის მამაკაცი და ასევე უხანიდან ჩამოსული ქალბატონი. ჩინელ ბავშვებს გამოუვლინდათ A ტიპის ვირუსი, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი, არაფერი გამოვლინდა, მათი ფიზიკური მდგომარეობა არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი – არ აქვთ არც სიცხე და არც პნევმონია. ეს ადამიანები რჩებიან განყოფილებაში, რადგან იყვნენ დაკვირვების ქვეშ დღეს და ხვალ გაეწერებიან”, – განუცხადა “მეტრონომს” მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი, მათ შორის ორი სიცხიანი პაციენტი გუშინ გადაიყვანეს.
ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს ასევე უხანიდან ჩამოსული დედა-შვილი.
ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა აღენიშნებოდა.
რაც შეეხება 24 წლის ბიჭს, როგორც ცნობილია, მან ინფექციურ საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულს, გრიპის ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდა.
მარიამ იმერლიშვილი