ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება. ელჩი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანენ თუ საკარანტინო პერიოდს ისინი სხვა ქვეყანაში გაივლიან.
„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუირებას ქალაქ უხანიდან. აქ არ იგულისხმება სხვა რეგიონები. ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას ადგილიდან, რომელიც არის ეპიდემიის წყარო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის თურქეთთანაც. რომელ ქვეყანასთანაც შევთანხმდებით გადაყვანის მექანიზმებზე და სხვა დეტალებზე, ევაკუაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნების დაცვით მოხდება. მოხდება თუ არა მათი ჩაყვანა საქართველოში, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ამ ეტაპზე საუბარია ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის ერთ-ერთია თურქეთი. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი ჯანმრთელად არიან“, – აცხადებს არჩილ კალანდიამ.
ქალაქ უხანაში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.