საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ქონდა კომუნიკაცია ოხანაშვილთან და ერთ-ერთ შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოში ასე ხდება, თუ ცოლ- შვილთან ერთად არის ადამიანი, არ ერჩიან და ამაზე ლაპარაკიც კი არ ხდებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის გაუგონარი მოქმედებაა, რომ 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად, მის მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე და ერთ- ერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ერთ- ერთი ბავშვი. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ ერთი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკეა და გაუგონარი დანაშაული.
რაზეც არის დაკავებული, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა. როგორც მაცნობეს, სისხლის სამართლის კუთხით, ცალკე მიდის გამოძიება, იქ თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი რეაგირება იქნება. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი მარაზმატიკული ქმედებების ჩადენა. 2,4 და 6 წლის ბავშვებთან როცა არის ადამიანი, არასდროს მოსისხლე მტერიც კი არ იფიქრებდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა” – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
ამასთან, დეპუტატი ადასტურებს, რომ დაკავებული 2014 წლამდე „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას პირადი კვეთა ანრი ოხანაშვილთან არასდროს ჰქონია.
“მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ზესტაფონში იყო 2014-ში, ახალგაზრდულში, შემდეგ რაღაც სხვა წარმოდგენები ჰქონდა პოლიტიკაზეც და დაძაბულობაც ჰქონდა ჩვენს წევრებთან და ამის შემდეგ ის “ქართულ ოცნებაში”, როგორც მითხრეს, აღარ იყო. აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა ასეთ ქმედებაზე მიდის ადამიანი. დღეს ის არის „ლელოს“ წარმომადგენელი და ვხედავთ, გამოდიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და იძახის, „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ეტყობა რაღაც პირადი კვეთა ჰქონდათო. ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანების, სიმთვრალის და იმის გამო, რომ „ლელოს“ წევრია და რაღაც ჰგონია თავი, მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა 2,4 და 6 წლის ბავშვებს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.
საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
სასამართლობ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.