ახალი ამბები მთავარი სამართალი

რობაქიძეს, ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის საქმეზე, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურაცხყოფელი ქმედებისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 15 იანვარს იმსჯელეს.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილებით მას სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 წუთიდან დაიწყო.

ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული და გირაოს შეფარდება მოითხოვა. მას ადვოკატი არ ჰყავდა.

როგორც სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გაცნობია და სასამართლომდე არც ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.

„ანრი ადგა და გავიდა, მალე მოვიდა პოლიცია. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არვიცი სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა,“ – ასე განმარტა პოლიციასთან დაუმორჩილებლობა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.

საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

იტვირთბა....