ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო შულერული თამაში – კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის ყველაფერი გაკეთდა” – ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას, იმის გათვალისწინებით, რომ “მანამდე ხელისუფლება კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებდა”, ლოგიკურს უწოდებს.

“მეტრონომთან” საუბრისას ხუხაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა “შულერული თამაში” და “კონსორციუმს” ბევრი არგუმენტი დაუგროვდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე სადაო გახადოს.

რაც შეეხება თავად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივას, ექსპერტს მიაჩნია, რომ “პროექტის მომავალი ბუნდოვანია”

“მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუყურებდით ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც ერთის მხრივ, რიტორიკულ მხარდაჭერაში გამოიხატებოდა, მეორეს მხრივ, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მოეხდინათ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დისკრედიტაცია და აფთხობდნენ ინვესტორს. ასეთი შულერული თამაში მიმდინარეობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამის ლოგიკური შედეგი მივიღეთ დღეს. ამ გადაწყვეტილებაში სიახლე ბევრი არაფერი არ არის.

დღევანდელი მოცემულობით, რა თქმა უნდა, როდესაც შენ აფრთხობ ინვესტორს, ბუნებრივია, არავინ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს იმ პირობებში, როდესაც მუდმივად საუბარია, რომ მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი ინვესტორის მომძიებელი. ხელისუფლებას ესმოდა ეს და აბსოლუტურად მიზანმიმართულად ახორციელებდა ამ პოლიტიკას.

ბუნებრივია, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” სადაოს გახდის ამ გადაწყვეტილებას უკვე საერთაშორისო დონეზე და ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ვიხილავთ სასამართლო პროცესებს, რითაც ქვეყანა დაზიანდება მთლიანად. ჩემი აზრით, “კონსორციუმსა” და მის მონაწილეებს საკმაოდ ბევრი არგუმენტი დაუგროვდათ იმისთვის, რომ თემა გახადონ სადაო.

წარმოიდგინეთ, ნორმალური ინვესტორი, რომელსაც ეუბნებიან, რომ მილიარდიანი ინვესტიცია უნდა ჩადოს სადღაც და საქმე არის პრობლემური, სადაოა მინიმუმ. ასეთ ვითარებაში, რომელი ნორმალური ინვესტორი შემოვა თქვენი აზრით? პროექტის მომავალი რომ ბუნდოვანია, ეს სავსებით ცალსახაა”, – უთხრა “მეტრონომს” ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....