ქვეყანას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და ის აუცილებლად აშენდება – ამის შესახდებ გაცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ინიციატორი სახელმწიფო იყო.
ციქტიშვილის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ მოახერხა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს. და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამით არის განპირობებული კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა და უფრო სერიოზული, ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის შედეგი, რაც ქვეყანას სჭირდება.
„ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.