„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აკეთებს.
ცქიტიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.
„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.