ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა.
ერაყელმა პარლამენტარებმა აღნიშნული საკითხის განხილვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 3 იანვარს ერაყში, აშშ-ის იერიშის შედეგად, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.