შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით „ამ სისტემის დედაც“.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა დოლიძის განცხადებით, შესაცვლელია რეპრესიული სისტემა, რომელმაც მორიგი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„როდესაც გამწვავდა სიტუაცია, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა შსს-მ ნაბიჯების გადადგმა. სინამდვილეში ათას მიზეზს იგონებდნენ სიმართლის დასამალად. ჩვენ აქ ვართ, რათა მოვითხოვოთ ნათელი გამოძება. გვაინტერესებს, რატომ არ ჩართეს ფსიქოლოგი საქმეში, ვინ ესწრებოდა ბავშვთან გასაუბრებას და რატომ არ იყო ჩართული სოციალური მუშაკი. ამ ყველაფერზე ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს. სისტემა კვლავ არსებობს და კვლავ რეპრესიულია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კითხვებს გაეცეს პასუხები, ასევე ეს პასუხისმგებლობა ცალსახად უნდა გაიზიაროს მინისტრმა“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.
შსს-ს ღობეს აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი ლენტები დაამაგრეს.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.