ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლის, სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმეზე არ გამოიკითხებიან
„სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სტიკერის გაკვრის [დროს] ბესელიამ ხელი მოჰკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზია ამაღლობელს და შეჰყვა მას პოლიციის ეზოში თუ შენობაში და მეორე ჩანაწერია, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავეთო. ეს ორი ფაქტი დადასტურებულად მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე, იმიტომ რომ დადასტურებულად მიმაჩნია ვიდეოჩანაწერებით […]
ვიდეოჩანაწერებში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი, გვყავს მოწმის სახით [გოჩა] ვანაძე დაკითხული და ორი პოლიციელი, რომლებიც ამაზე მიუთითებენ მათზე გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. დაცვის მხარის არაერთი მოწმე მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციისთვის“, – განაცხადა მოსამართლემ. [ტვ. პირველი]
ბესელიასა და დგებუაძის გამოკითხვის შუამდგომლობა ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს იმ არგუმენტით, რომ ამაღლობელი ბესელიამ დააკავა, დგებუაძემ კი მისი დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დაასახელა.
ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.