პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ოჯახთან ერთად მილანში იმყოფებოდა. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა, ვინაიდან მეორე დღეს სამუშაო ადგილას იმყოფებოდა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად“ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ის აღშფოთდა, როცა მისი ოჯახური გასვლის გამო „ვაიუშველებელი ატეხეს“ და გავრცელებული ვიდეოთი იმის ხაზგასმა სურდა, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ სამსახურში იმყოფებოდა. თალაკვაძე შექმნილი უხერხულობისთვის გამო წუხილს გამოთქვამს.
„ეთერში გასული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? – პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი… ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.
ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა, მითუმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.
ჩემი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში „ფეიკ ნიუსზე“ -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.
ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.
სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თითქმის 40 კაციანი შემადგენელობა კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.