ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო” – ირაკლი (დაჩი) ბერაია

უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ივანიშვილმა ყველა მისი არგუმენტი მოისმინა, რისთვისაც ის პარტიის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო.

მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება.

არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

იტვირთბა....