ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი გავანაწყენეთ” – “აბუნტებულ” დეპუტატებს ივანიშვილი ღამით შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი გუშინ, გვიან ღამით უმრავლესობის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც წინააღმდეგები არიან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლისა. მათ შორის იყვნენ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისინი ვერ შეჯერდნენ და თავის მხრივ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეების რაოდენობა გაიზარდოს.

“მე ვმუშაობ იმისათვის, რომ თანამოაზრეების რაოდენობა იყოს მზარდი” – განაცხადა ხუნდაძემ.

ირაკლი შიოლაშვილის თქმით, ივანიშვილთან შეთანხმება ვერ შედგა. მათ ვერ დაარწმუნეს ივანიშვილი, ისევე, როგორც მან ვერ შეძლო გადაებირებინა “აბუნტებული” დეპუტატები.

“მემგონი გავანაწყენეთ კიდეც ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ დავუმტკიცეთ საკუთარი მოსაზრების სისწორე” – განაცხადა შიოლაშვილმა.

შერეული სისტემის მომხრე დეპუტატები აცხადებენ, რომ თუკი პროპორციული სისტემა გავიდა, ისინი უმრავლესობას დატოვებენ.

კენჭისყრა პარლამენტში დღეს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, თავად უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა.

იტვირთბა....