ჟურნალისტი და TV პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ წერილი, რომელიც დეკანოზმა ტელეკომპანიას გამოუგზავნა სრულიად გასაჯაროვდა და არანაირი დაფარული თემები არ არსებობს:
“რა უცნაურია, ორი დღეა საუბარი მიდის დეკანოზის წერილზე, თითქოს რაღაც ძალიან საიდუმლო წერილი, რაღაც დაფარული თემებით გამოგვიგზანა გიორგი მამალაძემ. არადა, ღმერთი, რჯული, რაც გამოგვიგზავნა, სრულად გავასაჯაროვეთ. რანაირად ხდება ხოლმე, რომ ამბავი, რომელიც მე მეხება, სხვებმა ჩემზე უკეთესად იციან, ვერ გავიგე. ცხოვრებაში არ მიმიღია რაიმე წერილი დეკანოზისგან, რაღაც ისეთი შინაარსის, რის გასაჯაროებაზეც გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა. მივიღე წერილი, სადაც დეკანოზი მამალაძე ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ რაღაცის თქმა გადაწყვიტა, ოღონდ არ აკონკრეტებს, რისი თქმა, სულ ესაა, თავიდან ბოლომდე მოვყევით დღეს ეს წერილი ყველა საინფორმაციო გამოშვებაში. თუ რამე სხვას გამოაგზავნის, იმაზეც ასე ღიად მოგიყვებით…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გუშინ TV პირველს ციხიდან დეკანოზმა დიორგი მამალაძემ წერილი გამოუგზავნა, რომელშიც საკმაოდ საინტერესო დეტალებს აღწერს.