მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, მეუფე იაკობის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს.
“საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფრმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა”, -განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თავად პატრიარქი რას გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ფორმატში იმსჯელებს.
„ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ვერ დარჩება ღია, რადგან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქისთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.
აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.