საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.
კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა -„ მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.
წულუკიანი აცხადებს, რომ ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.
„ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.