ზურაბიშილი რატომ შემოიწირეს ჯობს ჯერ ამაზე გვიპასუხოს იმ ხალხმა, რომელმაც შარშან ამ დროს მოიკლეს თავი და დააქციეს ქვეყანა და უსამართლო არჩევნებით იბრძოდნენ ზურაბიშვილის გასამარჯვებლად. იმ ადამიანებმა, ვინც საარჩევნო ბილბორდებიდან ზურაბიშვილის ნაცვლად გვიღიმოდნენ, მათ უნდა აიღონ ჯერ პასუხისმგებლობა თუ რატომ აიძულეს ქართველი ხალხი, რომ სწორედ ზურაბიშვილი ყოფილიყო პრეზიდენტი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “შენების მოძრაობის” დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის თემის კომენტირებისას განაცხადა.
უსუფაშვილის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილსა და მის გაპრეზიდენტებაში დამნაშავე “ქართულ ოცნებას” თანაბრად ეკისრებათ.
“რაც შეეხება თავად ზურაბიშვილს, აქეთ ერთმანეთისგან იურიდიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გავარჩიოთ. იურიდიული პასუხისმგებლობის ფორმაა იმპიჩმენტი და ის დაკავშირებულია პრეზიდენტის მიერ კონკრეტული კანონის დარღვევის ფორმასთან. თავისთავად შეწყალების ფაქტი არ არის კანონის დარღვევა. ამიტომ, უნდა გაირკვეს ხომ არ დაარღვია ვინმემ და მათ შორის პრეზიდენტმაც, შეწყალების პროცესში რაიმე კანონი. არსებობს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილსა და მის გაპრეზიდენტებაში დამნაშავე “ქართულ ოცნებას” თანაბრად ეკისრებათ”, – აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.
“იმედის კვირის” ინფორმაციით კი, სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი შეიწყალა.
სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
ოპოზიციის ნაწილი დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ამავე თემაზე: კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება.