aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სწორედ ოპონენტებმა დაამახინჯეს ჩემი თანაგუნდელების შეფასებები – ზოიძე რასმუსენის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე “მეტრონომთან” საუბრისას ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე მისი თანაგუნდელების შეფასებების კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპონენტები დაამახინჯეს მმართველი გუნდის წევრების შეფასებები.

“მე მგონი, სწორედ ოპონენტებმა დაამახინჯეს ჩემი თანაგუნდელების შეფასებები. იქ შეფასება იყო ერთმნიშვნელოვანი – ნატო, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია და სტრატეგიული პარტნიორი აღიარებს საქართვეელოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერ ორგანიზაციაში ამ პრინციპის დაცვით გავწევრიანდებით. რასმუსენსაც არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით რაიმე საწინააღმდეგო. არც ჩვენ თანაგუნდელებს არ უთქვამთ, რომ რასმუსენმა ეს თქვა. ვინმემ თუ რაღაცა არასწორად გაიგო, ეს მათი პრობლემაა.

ეს თემა საექსპერტო მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არაა ახალი. შესაბამისად, სანამ ოფიციალური სტრუქტურებისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან არ მივიღებთ კონკრეტულ შემოთავაზებას და აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას თუ როდის და როგორ მოხდება ეს ყოველივე. მთავარი პრინციპი უნდა დარჩეს – ტერიტორიული მთლიანობა არის კითხვის ნიშნის გარეშე და არჩევანი ნატო-სა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის, ასე საკითხის დაყენება მიუღებელია, ეს მხოლოდ რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. არავინ არ აყენებს ასე საკითხს. ნატო-ში ნებისმიერი ფორმით გაწვერიანება იქნება ხელშემწყობი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ”, – აცხადებს ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

რასმუსენის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს.

ასევე უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება.

ოპონენტებმა მმართველი გუნდის წევრები რასმუსენის განცხადების შეგნებულ და მავნებლურ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....