ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რასმუსენის განცხადება – ნახეთ რას გულისხმობს მეხუთე მუხლი

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

“ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატო-ს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატო-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას”, – აცხადებს რასმუსენი.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია შეიარაღებული სამხედრო ძალები მუდმივ საწყისებზე. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ნატოს გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურაში, ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის შეიარაღებული ძალები შეთანხმებული ამოცანებისა და ოპერაციების განსახორციელებლად. თუმცა 2006 წლიდან ნატოს სრულ მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი „სწრაფი რეაგირების ძალები“ (NRF-NATO Response Force), რომლებიც მოიცავენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების კომპონენტებს.

სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებმა ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიღეს. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პლაცდარმის ხუთი დღის განმავლობაში დაკავება და ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყების ხელშეწყობაა. ბოლო პერიოდში ევროპაში შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 13000-დან 30000-მდე გაიზარდა.

წყარო: ნატო-ს საინფორმაციო ცენტრი

იტვირთბა....