ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რას გრძნობთ, როდესაც ქვეყანა სკანდირებს, რომ გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან” – ბოკუჩავა გახარიას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა მოუსმინონ განაცხადა, რომ აღარ გვაქვს სახელმწიფო, აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაში.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიამ თუ ანზორ ჩუბინიძემ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ასევე, რატომ გამოიყენეს აქციის დასარბევად აკრძალული ტყვიები, რატომ ესროდნენ პოლიციელები ადამიანებს დამიზნებით, სახის არეში.

„ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტში კითხვებას არ უნდა ვუსვამდეთ. ნორმალურ ქვეყანაში ბატონ გიორგი გახარიას კითხვებს უნდა უსვამდნენ ბრალდებულის სკამზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა ჩვენ ქვეყანა. ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო, აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაში. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს. ბატონო გიორგი, ადამიანურად მაინტერესებს, თქვენ რას გრძნობთ, როდესაც თქვენი ქვეყანა სკანდირებს, რომ „გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან“. რას გრძნობთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ადამიანი? – ალბათ, არაფერს იმდენად მონურ მორჩილებაში ბრძანდებით ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ტყვიებს, რომელიც აქციის დასარბევად გამოიყენეს, მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ.

„რატომ გამოიყენეთ ეს ტყვიები, რომლებსაც მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ? ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს. გავეშებული რატომ დასდევდით ქუჩებში, სკვერებში, ბავშვებს, რომელსაც არანაირი საფრთხე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ პოლიციელების ან სახელმწიფოს მხრიდან” – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის, ნდობის გამოცხადებას მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა დაუჭირა.

იტვირთბა....