პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცა „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო ფორმებში გადაცმული ადამიანები არ აძლევენ მას პარლამენტში შესვლის უფლებას, რაც მისივე შეფასებით, ძალადობაა. ამასთან, მან კვირას პარლამენტთან აქციის მოწყობა დააანონსა.
„პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო პარლამენტის წევრი. არ მაძლევენ უფლებას მივიდე პარლამენტის ჭიშკართან. უფლება მაქვს შევიდე პარლამენტის შენობაში ნებისმიერი შესავლელიდან. პოლიციამ ბლოკირება გაუკეთა ჭიშკარს და არ მიშვებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.