შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძელზე, 1986 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ს. ყ. კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გ.ნ. არსებული ფინანსური უთანხმოების გამო თავს დაესხა ი.გ.-ს და სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც, თანმხლებ პირთან – ს.ყ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ნ. და ს.ყ. მომხდარიდან მალევე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო – საქართველოს პირველი არხი