თბილისის მერი კახა კალაძე მოტივირებულ არქიტექტორებსა და ურბანისტებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის მერი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თურქეთში ვიზიტისას გამოეხმაურა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კადრების ნაკლებობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის სწორ განვითარებაში. ურბანული პრობლემები, რაც არის, წლების განმავლობაში დაგროვდა და არავის მოგვწონს. შესაბამისად, ამ სამსახურის ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, რათა ქალაქი სწორად განვავითაროთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, შემოიტანონ განაცხადი. ერთად მივხედოთ ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში საშტატო ერთეულების რაოდენობა რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა. ამჟამად, ვებგვერდზე hr.gov.ge 18 ვაკანსიაა გამოცხადებული.