„ჩემთვის არანაირი ინტერესი არ აქვს. იცით, ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რასაც დღეს ვუყურებ, პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, ჩვენი ქვეყანაც და ხალხიც. მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე, პოზიტიურ პროექტებზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. სულ არის საუბარი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, დაპირისპირება, ცხვირ-პირის მტვრევა, გინება. დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან და მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენი პატარა თითო ქვა, აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო განვითარებული, წინ წასული, სადაც იცხოვრებს ბედნიერი ხალხი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, კომფორტულად იცხოვროს. გვაქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა, გააჩნია ჩვენს ქვეყანას და მოდი, ჩვენს ქვეყანას მივხედო”
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა;
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;
კახიძის განცხადებაზე “ევროპული საქართველოს” მიერ განმარტების გაკეთება მოითხოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ.
კახიძის თანაპარტიელმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ახლა კინკლაობის დრო არ არის.

