მთავარი სოციალური ქსელი

“პარლამენტში მომიტინგეების “მშვიდობიანად” “ხელაწეული” შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?”

“დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ გუშინდელ სტატუსს, სადაც სოფო ვერძეულს ვპასუხობდი გავრილოვის ღამის მისეულ ანალიზზე.

მთავარი თავდასხმა ნაცმოძრაობის მომხრეებისგან მივიღე მესამე პუნქტზე, რომელიც მელიას მოწოდებას ეხება.

ქართული ოცნება ამბობს, რომ აღნიშნული მოწოდება იყო დანაშაული, რაშიც არ ვეთანხმები, რადგან ძალადობისკენ მელიას არ მოუწოდებია, ამბოხი და გადატრიალებაც სრული ნონსენსია სამართლებრივად.

ჩემი ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა.

ასევე დავაფიქსირე სასამართლოში, სადაც ვიყავი მელიას თავდები და ვისაუბრე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე.

მაგრამ ბუნებრივია, მაქვს ჩემი აზრი და მისი ქმედების პოლიტიკური შეფასება.

მე ვამბობ, რომ მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

და ნაცმოძრაობის პოზიცია როგორია?

პარლამენტში მომიტინგეების “მშვიდობიანად” “ხელაწეული” შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?

კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო.

გავრილოვის ღამის მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია. მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა.

“მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად”

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;

კახიძის განცხადებაზე “ევროპული საქართველოს” მიერ განმარტების გაკეთება მოითხოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ.

კახიძის თანაპარტიელმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ახლა კინკლაობის დრო არ არის.

 

იტვირთბა....