საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი გაბუნიას განცხადებას რუსთვი 2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.
„მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ. ამით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ და ეს პუტინზე უპირატესობის გამოვლინება არ არის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ პუტინის გავლენების ქვეშ იმყოფება და მის ინსტრუქციას ასრულებს.
„მეორეს მხრივ, რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ ახლა მოფრინდებიან თვითმფრინავები და დაგვბომბავენ. ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, ისე როგორც სიტუაცია, რასაც პუტინი სანქციების გარშემო აკეთებს. ეს არის კატა, რომ თაგვს ეთამაშება, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა თაგვს, მთავრობის მეშვეობით, რომელიც დათრეული ჰყავს კატას და კატა ხან დაიჭირეს, ხან მიუშვებს, წაჰკრავს თათს, წაეთამაშება. საქართველოს მთავრობა ჰგავს, ჩემი აზრით, დაახლოებით, ვიშის მთავრობას. ეს არის მთავრობა, რომელიც ჰიტლერის სატელიტი მთავრობა იყო საფრანგეთში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაა, და სინამდვილეში მთლიანად იყო მიმართული ინსტრუქციების ქვეშ ოკუპანტის მხრიდან” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.