ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე, ბოკერია და ხოშტარია თანამოაზრეები ვართ, რომ ცუდი იყო და არის უსამართლობა” – შავგულიძე

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ უზენაესი სასამართლოს წინ აქციაზე განაცხადა, რომ ის, ბოკერია და ხოშტარია თანამოაზრეები არიან.

როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, უსამართლობას ერთნაირად ებრძოდა მაშინაც და ახლაც.

„მათ ასამართლებდნენ ის მოსამართლეები უსამართლოდ, რომლებიც გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩაიყენა საკუთარ მსახურებაში. მე მართალი ვიყავი მაშინაც და ახლაც. მე სამართლისთვის და სამართლის უზენაესობისთვის ვიბრძოდი, როცა ვიყავი ადვოკატი. დღეს ეს ადამიანები ვის გვერდითაც ვარ – მე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია და სხვები თანამოაზრეები ვართ იმაში, რომ როგორც ცუდი იყო უსამართლობა იმ დროინდელი ხელისუფლების პირობებში, ასევე ცუდია ახლაც“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბევრი ადამიანი დაიჭირეს უსამართლოდ, ბევრმა იწვნია უსამართლობის სული, მაგრამ იგივე ხდება დღესაც.

„მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ გამორჩეული იმ ხელისუფლების მსახურებაში, სწორედ იმათ ჩააბარეს სასამართლო და აპირებენ უზენაესი სასამართლოც იმათ ჩააბარონ. დღეს არის გადასარჩენი სამართალი ჩვენს ქვეყანაში და ვინც ამაში გვერდით დამიდგება, მათთან ერთად გავაგრძელებ ამის კეთებას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი ზაზა დავითაია.

იტვირთბა....